logo
ENG



კობახიძე: ოპოზიციამ მოიტანა "ტყვეებით ვაჭრობის" თემა და ელჩებს აბრალებენ, თავის მოჭრაა

14 დეკ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ოპოზიციამ მოიტანა "ტყვეებით ვაჭრობის" თემა და ელჩებს აბრალებენ, თავის მოჭრაა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე პატიმრების თემა თავად მოიტანა, ხოლო ახლა, თემის შემოტანას ფასილიტატორ ელჩებს აბრალებს.

კობახიძის თქმით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პატიმრების თემის წინ წამოწევა სამარცხვინოა, რადგან ამ პოლიტიკურმა ძალებმა გაყიდეს გარეჯი და მოკლეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.

"მართლა მსოფლიო მასშტაბით გვჭრის ოპოზიცია თავს, როდესაც საუბრობენ, რომ ტყვეებით ვაჭრობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები, ეს არის თავის მოჭრა. თითონ მოიტანეს ეს საკითხი მოლაპარაკებაზე და მერე ელჩებს დააბრალეს, რომ მათი შემოტანილი იყო. როდესაც გაყიდული გაქვს დავით გარეჯი და როდესაც შენ მოკალი საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას როგორც ასეთს, მერე ეს საკითხი მოგაქვს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ეს თავის მოჭრაა", - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ტყვეებით ვაჭრობს. ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ დაკავებულები მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან საპატიმროებიდან თუ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევლენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკითხის ამგვარად დაყენება მათთვის მიუღებელია და ისინი ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება და უკვე IV რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. 

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ქართული ოცნების წევრების თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, პარლამენტის შეკრებამდე სასამართლომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გაათავისუფლა. 

მათი გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.


close დახურვა